ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მე-14-ედ ჩატარდა. სექტემბერში, ზღვისპირა ქალაქში, ხავერდოვან სეზონზე ფილმების ყურებას და მათზე დისკუსიას არაფერი სჯობს. მით უმეტეს, თუ თანამოსაუბრეებშიც გაგიმართლა და მათთან გატარებული დრო კარგი კინოსეანსივით საინტერესო აღმოჩნდა.

ამ მხრივ წლევანდელი ფესტივალი პირადად ჩემთვის განსაკუთრებული  გამოცდილება იყო. წელს პირველად აქ ბათუმისა და კოტბუსის კინოფესტივალების თანამშრომლობით კინოჟურნალისტებისთვის და კინოკრიტიკოსებისთვის ვორქშოფი მოეწყო, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან და რუსეთიდან 10 ჟურნალისტი ვესწრებოდით. კოტბუსის კინოფესტივალი გერმანიაში ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ დაარსდა და აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის კინოპროფესიონალების ერთმანეთთან დაკავშირებასა და კომუნიკაციის გაღრმავებაზეა ფოკუსირებული.

4 დღის განმავლობაში მონაწილეები სერბ და გერმანელ კურატორებთან ერთად განვიხილავდით ფესტივალზე ნანახ ფილმებს, თანამედროვე კინოს ტენდენციებს და საკუთარ ქვეყნებში კინოწარმოების გამოწვევებს. ამ დისკუსიებიდან გავიგეთ მაგალითად, რომ ურკაინაში, საქართველოსგან განსხვავებით, საზოგადოებრივ ტელევიზიას საავტორო კინოს მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი როლი უკავია. სამაგიეროდ, ჩვენ შეგვიძლია იმით მოვიწონოთ თავი, რომ თბილისის კინოთეატრებში უკვე წლებია საფესტივალო, ნაკლებად კომერციულ ფილმებსაც ვუყურებთ, რაც რუსეთის და ბელარუსის გარდა აღნიშნულ ქვეყნებში ჯერჯერობით იშვიათობაა. საინტერესო ამბები მოვისმინეთ  რუსი კოლეგისგანაც. ის სანკ- პეტერბრგში LGBTQ თემისადმი მიძღვნილ კინოფესტივალთან - Side by Side თანამშრომლობს. სახელმწიფოსა და რადიკალური ჯგუფებისგან ზეწოლის და თავდასხმების მიუხედავად ფესტივალი უკვე 11 წელია იმართება და ქვეყანაში არსებული აგრესიული ჰომოფობიური განწყობების ფონზე ერთ-ერთი იშვიათი პლატფორმაა ამ ადამიანებისთვის თვითგამოხატვისთვისა და დისკუსიისთვის. ჟურნალისტმა მოგვიყვა, თუ როგორ ჩაშალა შარშან რუსეთის დუმის ერთ-ერთმა დეპუტატმა ფესტივალის გახსნა. ის კინოთეატრთან იდგა და მაყურებელს შიგნით არ უშვებდა, პოლიციას და ხალხს ეუბნებოდა, რომ შიგნით არასრულწლოვანი მძევლები ჰყავთ. ჩაშლის მცდელობები, დარბაზების დაბლოკვა და სხვა წინაღობები გასულ წლებშიც არაერთხელ ჰქონიათ. ახლაც ფესტივალისთვის მზადებაში არიან, რომელიც მუქარების მიუხედავად ნოემბერში ისევ ჩატარდება.

საერთო პრობლემა, რაც ჩვენი საუბრებიდან გამოიკვეთა, დამოუკიდებელი კინოს დაფინანსების ნაკლებობა და კინოდისტრიბუციის რუსეთზე დამოკიდებულებაა.

ბათუმის კინოფესტივალზე ნანახი ფილმებიდან წელს განსაკუთრებით მოზარდების თემა დამამახსოვრდა. მოზარდების, რომლებიც რთულ სოციალურ თუ პოლიტიკურ ვითარებაში გარემოსთან ადაპტირებას ცდილობენ და საკუთარი იდენტობის ძიებაში ზოგჯერ ფატალურ შეცდომებს უშვებენ. 

 

სლოვაკი რეჟისორის, მარკო სკოპის ოჯახური დრამა, “Let there be light („და იქმნა ნათლი“) BIAFF-ზე გრან-პრის მფლობელი გახდა. ფილმის სიუჟეტი სლოვაკეთის ერთ-ერთ სოფელში ვითარდება. 40 წლის მილანი გერმანიაში მშენებლობაზე მუშაობს და საშობაოდ სახლში, მეუღლესთან და სამ შვილთან ბრუნდება. სადღესასწაულო განწყობა მალევე იცვლება, როცა ოჯახი უფროსი შვილის, ადამის სკოლის მეგობრის თვითმკვლელობის ამბავს შეიტყობს. მიზეზი, როგორც ირკვევა ჰომოსექსუალობის გამო ბულინგია და ამ ამბავში ადგილობრივი პარამილიტარისტული გაერთიანებაა გარეული, სადაც ადამიც გაწევრიანებუია. Guard (მცველი) ასე ქვია ულტრა მემარჯვენე, ნაციონალისტი ახალგაზრდების დაჯგუფებას, რომლებიც მათივე თქმით „ სამშობლოს იცავენ“ და რომელთა უკანაც გავლენიანი ინსტიტუციებისა და პერსონების კვალი იკვეთება, მათ შორის ადგილობრივი ეკლესიიდანაც. მილანი ცდილობს ოჯახისგან დისტანცირებული შვილი როგორმე იხსნას საფრთხისგან და ამისთვის ყველა გზას მიმართავს. თუმცა, გარემო, სადაც მის ოჯახს უწევს ცხოვრება, ყოველ ნაბიჯზე წინაღობებს უქნის. მილანი თავადაც წინააღმდეგობებით სავსეა. მისი მოხუცი მამა ნაციონალისტია, რომელიც თავის დროზე ფაშიზმს უჭერდა მხარს. მილანი მისგან დისტანცირებას ცდილობს, მაგრამ, ბავშვობის ტრავმებს თავს ბოლომდე ვერ აღწევს: თავად მიგრანტი, უცხო ქვეყანაში მომუშავე, უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ სლოვაკეთში მუსლიმები ჩამოდიან და მათ სამუშაო ადგილს იკავებენ; მაშინ როცა შვილის მილიტარისტული დაჯგუფებისგან დახსნას ცდილობს, თავად არის იარაღის დიდი მოყვარული და ოთახში ტყვიების და თოფების კოლექციას ინახავს. 

რეჟისორი საინტერესოდ ავითარებს როგორც ამ კომპლექსური პერსონაჟის, ისე მისი მოზარდი შვილის სახეს და მათი ბრძოლის თანამონაწილეს გვხდის. მემარჯვენე რადიკალიზმის მზარდი ტენდენცია ევროპაში და ეკლესიის მიერ მხარდაჭერილი ნაციონალიზმი- თემები რომელსაც ფილმი ეხება, ძალიან ნაცნობი და აქტუალურია, მათ შორის ქართული საზოგადოებისთვისაც.

 

სოციალურ თემატიკას სად ვნახავთ ყველაზე მწვავედ, თუ არა კენ ლოუჩთან. კანის კინოფესტივალის მთავარი კონკურსის მონაწილე ფილმი Sorry we missed you (“უკაცრავად, ვერ მოგისწარით“) სტილისტურად ნაკლებად ჰგავს რეჟისორის წინა ნამუშევარს, მანიფესტურ “მე, დენიელ ბლეიქს“. აქ თითქოს ლოუჩი მისთვის ჩვეული იუმორის გამოყენებასაც ერიდება. ფილმი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამთრგუნველი და ნატურალისტური ნამუშევარია, რაც ლოუჩს ბოლო წლებში გადაუღია.

“Sorry we missed you” ტერნერების ოჯახზე გვიყვება. შუა ხნის ცოლ-ქმარი რიკი და ები ორ შვილთან ერთად, ლიზასთან (11) და სებთან (15) ნიუკასლში,  ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შედეგად ისინი რთულ ვითარებაში აღმოჩდებიან. რიკი სტაბილურ სამსახურს კარგავს, რაც ოჯახისთვის საკუთარი სახლის შეძენის ბოლო იმედი იყო. ახლა ის დროებითი სამუშაოებს ეძებს, რომ ბინის ქირა გადაიხადოს და ოჯახის რჩენა შეძლოს. ერთ-ერთ ასეთ საქმეს საფოსტო გზავნილების გადაზდვის  კომპანიაში იპოვნის. უფროსი ეუბნება, რომ თავადაა პასუხისმგებელი საკუთარ კეთილდღეობაზე და რაც მეტს და ნაყოფიერად იმუშავებს, საქმეც უკეთესად წაუვა. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი რიკი დილიდან გვიანობამდე შეუსვენებლად დაატარებს ამანათებს სხვადასხვა მისამართზე. ებიც მუშაობს, ის ოჯახებში დადის მოხუცების მოსავლელად და ქმრის მსგავსად მასაც მთელი დღე გარეთ უწევს ყოფნა. 

თავისუფალი ბაზრის წახალისებული რობოტული ყოველდღიურობა გიბიძგებს მთლიანი რესურსი მინიმალური შემოსავლის მოპოვებაში ჩადო და პრაქტიკულად ადგილს აღარ ტოვებს ოჯახის ნორმალური ყოფისთვის. რიკს და ების ფიზიკურად აღარ რჩებათ დრო მოზარდ შვილებთან კონტაქტისთვის, მაშინაც კი, როცა ეს აუცილებელია. და თუ ამ დროს როგორმე გამონახავენ სამსახურის ხაჯრზე, მაშინ ისევ შვილებისთვის მოუწევთ ამჯერად მატერიალური რესურსის მოკლება. ასე ხდება მაგალითად, როცა სები უსიამოვნო ინცინდენტში გაეხვევა და მშობლებს პოლიციაში დაიბარებენ. ოჯახში კრიზისი სულ უფრო მწვავდება. კომუნიკაციის ნაკლებობა მოზარდებს უბიძგებს მხარდაჭერა სხვაგან, ხშირად არასწორ გარემოში ეძებონ და დამატებითი პრობლემები შეუქმნან ისედაც გადარჩენისთვის მებრძოლ მშობლებს. გაუცხოება მარტო ახალგაზრდების პრობლებაა არაა, ის ადამიანებიც, ვისთანაც ები მომვლელად დადის, გამუდმებით მარტონი არიან. მათთვისაც არ სცალიათ ახლობლებს და როცა რაღაც სჭირდებათ ან მოიწყენენ, ისევ ების ურეკავენ და ესაუბრებიან. 

 

ფესტივალის ბოლო ჩვენება ძმები დარდენების ფილმი Le Jeune Ahmed („ახალგაზრდა აჰმედი“) იყო, რომელიც წელს კანში საუკეთესო რეჟისურისთვის დააჯილდოვეს. ფილმი მოხლოდ 1 საათი და 24 წუთი გრძელდება და ამ დროის განმავლობაში სუნთქვაშეკრული ადევნებ თვალს 13 წლის ბიჭის განცდებს და ბრძოლას თვითდამკვიდრებისთვის. აჰმედი ბელგიურ-არაბული ოჯახიდანაა და ბრიუსელში, ბელგიელ დედასთან იზრდება. მისი მამის შესახევებ ბევრი არაფერი ვიცით, თუმცა ფილმიდან ჩანს, რომ ბიჭს ევროპული კულტურის და ცხოვრების სტილის მიმართ პროტესტი აქვს უნდა, სკოლაშიც და სახლშიც უფრო დიდი დოზით ჰქონდეს ისლამის გაცნობის საშუალება. ამით კარგად სარგებლობს რადიკალი იმამი, რომელიც მოზარდს თავისი გავლენის ქვეშ აქცევს და ჯიჰადისთვის ამზადებს. თუმცა, ვიდრე გლობალურ ჯიჰადის დავალებას მიიღებს, აჰმედს პირადი ჯიჰადი აქვს მოსაწყობი. ის მათემატიკის მასწავლებლის, ინესის მოკვლას გეგმავს, რადგან მასწავლებელი მუსლიმია და ებრაელ კაცს ხვდება. აჰმედისთვის კი ისლამის მოდერნიზება და თავისუფალი ურთიერთობები მიუღებელია. 

კამერა მხოლოდ აჰმედს დაჰყვება და მისი პერსპექტივით დანახულ რეალობას გვაჩვენებს. ინდოქტრინირებული მოზარდი თავს მოხვეულ იდეებსა და საკუთარ სურვილებს შორისაა გაჭედილი. მას ძალიან მოსწონს ბელგიელი გოგო, თუმცა, იმის გამო რომ ის მუსლიმი არ არის, მასთან ურთიერთოაბზე უარს ამბობს. აჰმედი ერთის მხრივ ცდილობს საკუთარი არჩევანი და პროტესტის რადიკალური ფორმა „მაღალი იდეალებისთვის“ ბრძოლით გაამართლოს, მეორეს მხრივ კი, მასაც ჩვეულებრივი თინეიჯერის ინსტინქტები და სურვილები ამოძრავებს, რაც რელიგიურ კონსერვატიზმთან და რადიკალიზმთან თანხვედრაში ვერ მოდის. დარდენებისთვის ჩვეული სადა, მინიმალისტური ფილმი მოზარდის შინაგანი წინააღმდეგობებისა და საბოლოო გარდატეხის ილუსტრირების საინტერესო მაგალითია.