გარემოს დაბინძურებით გამოწვეული პრობლემები ორპირ სარკეს ჰგავს - თუ მოინდომებ დანახვას, ერთი პირდაპირ აირეკლავს დაავადებებსა და ცხოვრებისეულ სტრესებს, რასაც დარღვეული ეკოსისტემა იწვევს, სარკის მეორე პირზე კი ეს ყველაფერი ორთქლდება და თუ ხედვის კუთხეს არ შეცვლი, არაფრით გამოჩნდება კავშირი მოწამლულ გარემოსა და მასობრივად გავრცელებულ ავადმყოფობებს შორის.

რომის იმპერია რომ სწორედ ტყვიით მოწამლულმა გარემომ დაამარცხა, ეს თეორიაც მხოლოდ ისტორიული დისტანციის გაჩენისა და სათანადო ცოდნის მოპოვების შემდეგ წარმოიშვა - ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, რომი რომ ნელ-ნელა ეცემოდა და, საბოლოოდ, განადგურდა კიდეც, მოხდა იმიტომ, რომ ცხოვრება, ფაქტობრივად, ტყვიაზე იდგა - კვებისა და ღვინის წარმოების, კოსმეტიკის, ჭურჭლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების, კანალიზაციის, წყლის სისტემისა და, კონკრეტულად, აკვედუკების, საღებავების განუყოფელი ნაწილი იყო (როგორც ავტორი, ჯეკ ლუისი წერს თავის ნაშრომში, ძველ რომში არსებობდა ფრაზა „მღებავივით შლეგი“ - რაც, დღევანდელი გადასახედიდან, იხსნება სწორედ იმით, რომ მღებავები ტყვიით გაჯერებული საღებავებით ჭკუიდან მართლა ცდებოდნენ). შესაბამისად, რომის იმპერიის მოსახლეობის ზედა და ქვედა ფენები, ყოველდღიურად, თანაბრად იწამლებოდა ტყვიით - ისინიც, ვინც შახტებში მუშაობდნენ მასალის მოსაპოვებლად - ანუ ყველაზე დაბალი და უჩინარი ფენაცა და ისინიც, ვინც ტყვიით გაჯერებული ოქროს სასმისებით მიირთმევდნენ წყალს. აშკარა სიმპტომები, რასაც რომის იმპერიის მაღალი საზოგადოება და თავად იმპერატორები ავლენდნენ, უშვილობა, რაციონალური აზროვნების კლება და სხვა გადახრები იყო.

რომის იმპერიისა და ტყვიით ინტოქსიკაციის ამბავი იმდენად შორეულია, სკეპტიკოსებს მითოლოგიაში იოლად გაჰყავთ. გარემოს დაბინძურების აღქმის მანკიერი პარადიგმაც მარადიულად ესაა - მითოლოგიზაციის ცდუნება, რადგან პირდაპირი და მყისიერი მავნე კავშირი საკუთარ გაუარესებულ ჯანმრთელობასა და გარემოს ხელოვნურ დამაბინძურებლებს შორის არსად ჩანს.

საქართველოში, გარემოს დაბინძურების საკითხი ყველაზე მასშტაბურად ორი დიდი ქალაქის - თბილისისა და ბათუმის ექსტრემალური განაშენიანებისა და ავტომობილებით გადატვირთვის ფონზე ბოლო შვიდი-რვა წლის განმავლობაში გააქტიურდა. სკეფსისით გაჯერებული აღქმის კლასიკური პარადიგმაც იმთავითვე ამუშავდა - როგორ ვამტკიცებთ, რომ ჰაერის მძიმე მეტალებითა და სხვა დამაბინძურებლებით გაჯერება იწვევს სიმსივნეებისა და სხვა მძიმე ავადობების რიცხვის ზრდას? - ამ ურთიერთკავშირის ვერდანახვას კვლევების არარსებობაც აიოლებდა. სწორედ ამიტომ თავიდანვე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა პირველ პრეცედენტულ კვლევას საქართველოში, რომელიც ტყვიით ინტოქსიკაციის შესახებ შარშან ჩატარდა. შედეგები 2019 წლის 23 აპრილს გამოქვეყნდა. 2-7 წლის ასაკის 1578 ბავშვის სისხლში სხვადასხვა ოდენობის ტყვია დაფიქსირდა.

  • სისხლში 5მკგ/დლ ტყვია აღმოაჩნდა ბავშვების 41 პროცენტს;
  • 5-დან 10 მკგ/დლ-მდე ტყვია აღმოაჩნდა ბავშვების 25 პროცენტს;
  • ხოლო 10 მკგ/დლ ტყვია - 16 პროცენტს.

ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში, თბილისში, სისხლში ტყვიის ხუთ მიკროგრამ/დელიციტრზე მეტი შემცველობა გამოკვლეული ბავშვების 30 პროცენტს აღმოაჩნდა, ხოლო ათ მიკროგრამ/დელიციტრზე მეტი - შვიდ პროცენტს.

მაღალი მონაცემები დაფიქსირდა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სადაც ლიდერობდა აჭარა. იქ გამოკვლეული ბავშვების 85 პროცენტს აღმოაჩნდა სისხლში ტყვიის ხუთ მიკროგრამ/დელიციტრზე მეტი შემცველობა, 50 პროცენტს კი - 10 მიკროგრამ/დელიციტრზე მეტი.

23 აპრილს მინისტრ სერგეენკოს ვარაუდი ტყვიით ინტოქსიკაციის რეგიონული გადანაწილების შესახებ ასეთი იყო:

„როცა ასეთი განსხვავებული სურათია, რამდენიმე დასკვნის საშუალება გვაქვს. პირველი, რომ ეს არ არის მუდმივმოქმედი ინდუსტრიული კომპონენტი, რადგან თბილისში, ყველაზე დიდ ქალაქში, (ტყვიით დაბინძურება) ბევრად ნაკლებია. მეორე, ხომ არ არის გამოხატული ე.წ. კლასტერიზაცია - ამ რეგიონებში ხანგრძლივად, ნიადაგში რჩება ხოლმე ძველი, ათწლეულების წინანდელი (ტყვიის) წყარო, ძირითადად ეს იქნება, ალბათ, საწვავი ან საღებავი. ამაზეც უკვე აღებულია სინჯები და პირველი ეტაპის პასუხები გვექნება ძალიან მალე“.

კვლევის პრეზენტაციაზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა საგანგებოდ გაუსვეს ხაზი იმას, რომ „მონაცემები ყურადსაღებია, მაგრამ არ არის საპანიკო“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც მონაცემებს „ნორმალური“ უწოდა და თითქმის მტკიცებით ფორმაში აღნიშნა, რომ ტყვიის ორგანიზმში შეღწევის წყარო არ შეიძლება იყოს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და არც საწვავი. არც წყალი და არც ნიადაგი. არც სურსათი, რადგან ფონური მდგომარეობა ქვეყანაში ამ მხრივ, მისივე სიტყვებით, ნორმალურია.

დღეს, ამერიკელი ექსპერტები სისხლში ტყვიის შემცველობის იმ დონედ, როცა ჩარევაა საჭირო, ყოველ დეცილიტრზე სწორედ 5 მიკროგრამს ასახელებენ. ეს მაჩვენებელი, ფაქტობრივად, სიგნალია და მისი საშუალებით ავლენენ იმ ბავშვებს, რომელთა სისხლშიც ტყვიის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ბავშვების უმეტესობას აქვს.

ეს მიდგომა ახალია. 2012 წლამდე დაავადებათა კონტროლის აშშ-ის ცენტრი ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის „ყურადსაღებ დონედ“ ყოველ დეცილიტრზე 10 ან მეტ მიკროგრამს განსაზღვრავდა. მეტიც, ათ მიკროგრამ-დელიციტრზე ნაკლები მაჩვენებელი ექიმებს მშობლებისთვის შეიძლება არც გაემხილათ. თუმცა, 2012 წლის მერე ცენტრი ტერმინს „ყურადსაღები დონე“ საერთოდ აღარ იყენებს.

ექიმები ვერ საზღვრავენ დონეს, რომლის იქითაც ორგანიზმში ტყვიის შემცველობას ზიანი არ მოაქვს. „სისხლში ტყვიის დაბალი მაჩვენებელიც კი გავლენას ახდენს ინტელექტზე. ტყვიის გავლენის შედეგების გამოსწორება ორგანიზმში მისი დაგროვების შემდეგ უკვე შეუძლებელია. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მშობლებს, ექიმებს და სხვებს შეუძლიათ გააკეთონ, ტყვიის გავლენისთვის ხელის შეშლაა იქამდე, სანამ ეს მოხდება“, - წერია აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბიულეტენში. თავდაპირველად, მოწამვლის სიმპტომების - ნევროლოგიური და ქცევითი დარღვევების - დანახვა რთულია. მერე კი, როცა ძვალსა და სისხლში საჭირო ოდენობის ტყვია დაგროვდება, დაზიანება შეუქცევადი ხდება.

ტყვია ტოქსიკური ლითონია. ორგანიზმიდან გამოდევნის კალციუმს, ამცირებს ჰემოგლობინს, ავითარებს სიმსივნურ დაავადებებს. აქვეითებს ინტელექტს. ბავშვები ხდებიან ჰიპერაქტიურები, უქვეითდებათ კონცენტრირების უნარი.

ამერიკაში ჩატარებული არაერთი კვლევა მიუთითებს, რომ იმ რაიონებში, სადაც გარემო ტყვიით არის დაბინძურებული, ოთხჯერ მეტად ხდება დანაშაული.

WTO-ს ინფორმაციით, ყოველწლიურად ბავშვებში აღრიცხული გონებრივი განვითარების შეფერხების 15-20 პროცენტი სწორედ სისხლში მოხვედრილ ტყვიას უკავშირდება.

ორსულის ორგანიზმში ტყვიის მაღალი შემცველობა შეიძლება გახდეს მკვდრადშობადობის ანდა ნაადრევი მშობიარობის მიზეზი.

სწორედ მიზეზების, სიმპტომებისა და მდგომარეობების სიჭრელის გამო, 29 წლის სოფოს, რომელსაც ორი შვილი ჰყავს - 3 წლის თეკლა და 8 თვის ნინი, ყველაზე მეტად ტყვიის უხილავი შედეგების ეშინია. ხშირად ფიქრობს ხოლმე იმაზე, რომ ვაითუ ტყვიის მაღალი შემცველობის ზეგავლენა მის შვილებზე გარეგნულად თვალსაჩინო არ იყოს და ისე დაუზიანოს ბავშვს ჯანმრთელობა, რომ ამას თვითონ გვიან მიხვდეს.

იმ 16 ბავშვსაც, რომელთაც აპრილში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით სისხლში ტყვიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ, სამედიცინო ნიშნები ჯერ არ გამოვლენიათ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უსაფრთხო მდგომარეობაში არიან.

სოფოს ანალიზი ბავშვებისთვის ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა ამისთვის თანხის გადადებას გეგმავს. სანამ საქართველოს სამედიცინო სფეროში ტყვიით მოწამვლის საწინააღმდეგოდ სტრატეგიები იწერება, საქართველოს მოქალაქეებისთვის სისხლის ანალიზის გაკეთება - როგორც ტყვიით ინტოქსიკაციის გამოვლენის პირველი ნაბიჯი - ნებაყოფლობითია, შესაბამისად, ფასიანიც.

აშშ-ში ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც ორგანიზმში ტყვიის შემცველობის მავნებლობის დადასტურების შემდეგ გადაიდგა, იყო ის, რომ ტყვიაზე ტესტირება ჯანდაცვის ნაწილი გახდა.

საერთოდ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ბავშვთა ტყვიით მოწამვლის პრევენციას 2001-2010 წლების საუკეთესო მიღწევათა ათეულში აერთიანებს. ამის მიზეზი კანონმდებლობის მოწესრიგება და შტატებზე უკეთესი გავრცობაა. ამერიკაში საღებავების უმრავლესობაში ტყვიის შემცველობა 1978 წელს აიკრძალა. საწვავში - 1980-იანი წლებიდან, ეტაპობრივად დაწესდა დირექტივები წყალგაყვანილობის სისტემებზეც. შედეგად, ტყვიის საშუალო მაჩვენებელი ბავშვებში 90-ზე მეტი პროცენტით შემცირდა.

23 აპრილს, კვლევის პრეზენტაციის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო დღეს იმავე ეტაპზეა, რაზეც აშშ იყო 1980-იან წლებში.

რა მდგომარეობაა ეს? 1980-იანი წლები ის დროა, როცა ამერიკაში უკვე 60 წელზე მეტია იციან, რომ ტეტრაეთილური ტყვიის ავტოინდუსტრიაში გამოჩენამ იმდენივე პრობლემა გააჩინა, რამდენიც მოაგვარა. მოაგვარა სწრაფი გადაადგილების საკითხი, განავითარა შიგაწვის ძრავა შეკუმშვის მაღალი ხარისხით, რაც მეორე მსოფლიო ომის და აშშ-ის ავტოინდუსტრიის წამყვან ძალად იქცა.

1921 წლიდან პროცესს სათავეში ავტომწარმოებელი კომპანია GM ჩაუდგა. იმ დღის შემდეგ ტყვიით გამდიდრებული საწვავის მავნებლობის შესახებ მონაცემები საავტომობილო კორპორაციასა და მთავრობას შორის გარიგებების საგნად იქცა. დიდმა დეპრესიამ, მეორე მსოფლიო ომმა და ომის შემდგომი აღზევებით თავბრუსხვევამ საფრთხის რეალურად აღქმის პროცესი კიდევ ოცი წლით გადადო. 1980 წლისთვის ამერიკა ყოველწლიურად მოიხმარდა 1.3 მილიონ ტონა ტყვიას - უხეში შედარებით, მსოფლიო მარაგის 40 პროცენტს - ყოველწლიურად თითო ამერიკელზე 5.221 გრამს, რაც ათჯერ უფრო მასშტაბური დამოკიდებულებაა ტყვიაზე, ვიდრე ძველი რომაელები ავლენდნენ.

საბოლოოდ, ხანგრძლივი კამპანია ტყვიის დონის შესამცირებლად 1970-იანი წლებიდან დაიწყო საწვავში, საკვებ პროდუქტებში, სამშენებლო მასალებში. დააწესეს ტყვიის კონცენტრაციაზე კონტროლი ატმოსფერულ ჰაერში, წყალში. პარალელურად, დაიწყეს ჯანმრთელობის სკრინინგის კამპანიები. მოსახლეობას მოუწოდებდნენ, მიეღოთ რკინისა და კალციუმის შემცველი პროდუქტი, რაც შეამცირებდა ორგანიზმის მიერ ტყვიის შეწოვის შანსს, ასევე, შეემცირებინათ ცხიმიანი საკვები, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში ტყვიის დარჩენას.

ტყვიით ინტოქსიკაციის გამოსავლენად დღემდე არსებობს სპეციალური სამთავრობო დირექტივებიც: თუ ცხოვრობ 1978 წლამდე აშენებულ სახლში, გაიკეთე სისხლის ანალიზი, იზრუნე სახლის გადაღებვაზე. ასეთი შემთხვევის მოწმე ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი დიანა კაპანაძეც აღმოჩნდა. „მე ვიცნობ ერთ ქართულ ოჯახს ბრუკლინიდან, ვის ბავშვსაც ტყვიის მაღალი მაჩვენებელი აღმოუჩინეს და ტყვიის წყარო ძველი საღებავი იყო. სანამ თავიდან არ შეკეთდა ყველაფერი, სახლში არ დაბრუნებულან“, - ამბობს დიანა. მისივე თქმით, „ნიუ-იორკ სიტის ჯანმრთელობის დეპარტამენტის პრევენციულ ღონისძიებებში შედის ერთი და ორი წლის ასაკის ბავშვებში ანალიზის გაკეთებაც“.

დიანას ოჯახი ერთ-ერთია ქართველი ემიგრანტების ოჯახებიდან, რომელთა შვილებსაც ტყვიაზე შტატის სავალდებულო ტესტირების შემდეგ, საქართველოდან წაღებული, ტყვიის შემცველი სუნელის გამო, მაღალი მაჩვენებელი აღმოაჩნდათ.

„როგორც ვხედავთ, რისკი კვლავაც არსებობს, საფრთხე ნებისმიერი წყაროდან შეიძლება მოდიოდეს, ჩვენს შემთხვევაში ეს ქართული სუნელი იყო“, - ამბობს დიანა.

ბოლო მასშტაბური შემთხვევა ამერიკაში 2014-2015 წლებში მოხდა. „მიჩიგანში, ქალაქ ფლინტში, დაახლოებით 9 ათასი ექვს წლამდე ასაკის ბავშვი თითქმის 19 თვის განმავლობაში სვამდა ტყვიით უკიდურესად დაბინძურებულ წყალს, რომელიც ტყვიის შემცველ მილებში მოედინებოდა. მთავრობის ერთმანეთის მიყოლებით დაშვებული შეცდომის გამო, ზოგიერთის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება დაზიანებული სმენით, სწავლის პრობლემებით, დაბალი ინტელექტითა და მომავალში სავარაუდოდ გაზრდილი მიდრეკილებით კრიმინალისკენ“, - წერია CityLab-ის 2016 წლის სტატიაში „ტყვიით მოწამვლის პოლიტიკის ვრცელი, უზნეო ისტორია“.

ფლინტის ტრაგედია წინა პლანზე წამოსწევს კითხვასაც: რატომ არასდროს არ გვიმართავს ტყვიით ინტოქსიკაცია ისე, როგორც დაუსრულებელი ბავშვთა ეპიდემია?“ - წერია იქვე.

საკუთარი სახლით მოწამლულები“ - გაზეთ „გარდიანში“ ეს ვრცელი სტატიაც წელს ივნისში გამოქვეყნდა და ისიც გვაფიქრებინებს, რომ ტყვიისგან მიღებული ზიანის აღმოფხვრა იმ მიდგომებით, რასაც მთავრობები ტყვიის ზიანის შესამცირებლად დღემდე იყენებენ, წლობით გაწელილი პროცესია. სულ მცირე დაუფიქრებლობა და გულგრილობაც კი ჰყოფნის ტყვიით ინტოქსიკაციის ახალი შემთხვევის გაჩენას.

„ამერიკის გამოცდილების შესახებ რაც უფრო მეტს ვკითხულობ, მით მეტად მიპყრობს შიში, რომ ჩვენთან ტყვიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები კიდევ უფრო გაიწელება. შტატებში მყისიერი ქმედებები დიდი კორპორაციების ინტერესებმა შეაფერხა და ჩვენც ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ბიზნესის ინტერესებმა ტყვიის წყაროების გაუვნებელყოფა არ შეაჩეროს“, - ამბობს ორი შვილის დედა, თამარ ბურჯანაძე, რომელიც საკუთარი ინიციატივით ტყვიის თემას იკვლევს.

ტყვიასთან დაკავშირებული პირველი დიდი კვლევა საქართველოში 1980-იან წლებში ჩატარდა. კახეთში ღრუბლების გასაფანტი ტყვიასასროლი აპარატების მიზეზით, დაბინძურების ძირითადი წყარო საკვებში აღმოაჩინეს.

1999 წელს სახელმწიფომ ასევე ჩაატარა კვლევა ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის ადგილებში. პოლიგრაფიის მუშაკებშიც 40 პროცენტს სისხლში ტყვიის მაჩვენებლის ზომიერი მატება, დანარჩენს კი მნიშვნელოვანი მატება დაუფიქსირდა.

1998-2000 წლებში გაეროს განვითარების ფონდმა საქართველოში ჩაატარა მოდელირებული კვლევა (გამოიკვლიეს ჰაერი, წყალი, ნიადაგი), რომლის შედეგი ასეთი იყო: ტყვიის მაჩვენებელი შეიძლებოდა ჩვილთა სისხლში ყოფილიყო 21 მიკროგრამი დეცილიტრზე, ბავშვებში - 14 მიკროგრამი დეცილიტრზე, ხანდაზმულებში - 12 მიკროგრამი დეცილიტრზე.

„ტყვიის საკითხების გააქტიურება და მასშტაბური კვლევის დაწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 2016 წლამდეც უნდოდა, მაგრამ მაშინ პროექტი ვერ შედგა. შემდეგ იაშვილის კლინიკაში მოგვეცა მცირე კვლევის ჩატარების შესაძლებლობა, რომელმაც დაგვიდასტურა - რომ ეს ამბავი შესწავლას მოითხოვდა“, - იხსენებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სტურუა.

მაშინ, 2015 წლის 21 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, იაშვილის კლინიკაში სხვადასხვა დაავადებით ჰოსპიტალიზებულ 2-5 წლის 254 ბავშვს სისხლის ანალიზი ტყვიაზე ანონიმურად ჩაუტარეს. გამოკვლეული ბავშვების 33 პროცენტს ტყვიის მაღალი მაჩვენებელი აღმოაჩნდა.

მთელი ამ წლების განმავლობაში, ტყვიის პრობლემის არაერთგზის დადასტურების მიუხედავად, მისი პრევენციისთვის ქმედითი და თანმიმდევრული სტრატეგია არ შექმნილა, ტყვიის წყაროების გამოვლენა ისევ არ დაწყებულა. სოფოც ამბობს:

„არ ვიცი, სად არის ტყვია, შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, ამიტომ სახელდახელო მეთოდებს ვიგონებ - ვცდილობ, რომ ჩემმა შვილებმა ხშირად მიიღონ რძის პროდუქტი. მსმენია, რომ ეს ტყვიით ინტოქსიკაციის პროცესს აფერხებს. ზაფხულში რაც შეიძლება დიდი დროით გამყავს სოფელში, ვკითხულობ სათამაშოების შემადგენლობას“, - ამბობს ის.

ტყვია მართლაც შეიძლება იყოს უხარისხო სათამაშოებში, ასევე, იატაკზე, ფანჯრის რაფებსა და თაროებზე დადებულ მტვერში, ხოლო პირის ღრუდან მოხვედრილი ტყვიის 50 პროცენტს კი ბავშვის ორგანიზმი სწრაფად ითვისებს. ტყვია შეიძლება ჟონავდეს წყლის ონკანიდან, ჰაერიდან - წყაროების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, უბრალოდ, საქართველოს მოქალაქეებმა დაზუსტებით ჯერ არაფერი იციან.

შარშან, ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა, რომელსაც სისხლში თვითონაც აღმოაჩნდა ტყვიის მაღალი მაჩვენებელი, საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. ეს იყო ინსტრუქცია, თუ რა გზით შეიძლება სახლის პირობებში ტყვიის შემცველობაზე საყოფაცხოვრებო ნივთების, მათ შორის, სათამაშოების შემოწმება.

ეკასთან ერთად, იანვარში, სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა თბილისში ტყვიის კერები 17 საცხოვრებელ სახლში შეამოწმა. 268 სინჯში - ნივთებიდან, პროდუქტიდან, სამშენებლო მასალებიდან - ყოველი მეხუთე ტყვიის შემცველი იყო.

ანგარიში ასგვერდიანია. მის მიხედვით, ტყვია აღმოჩენილია არა მხოლოდ დაფქულ სუნელებში (ყვითელ ყვავილში ტყვია 200-ჯერ აღემატებოდა ნორმას), არამედ სათამაშოებში, საკვებში (მაგალითად, „გალინა ბლანკაში“, ბულიონის კუბებში ტყვიის შემცველობა 3-ჯერ აღემატებოდა ნორმას), მეტალის ჩანგალში, ბავშვის ფერად მაისურში. „17-დან 14 ოჯახში აღებულ სინჯში აღმოჩნდა ტყვიის საშიში კონცენტრაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი ან 5 წლის წინ გარემონტებულ ანდა სრულიად ახლად აშენებულ სახლებში ცხოვრობენ, 9 ოჯახში ტყვიის გავრცელების (ერთ-ერთი) წყარო სწორედ სამშენებლო და სარემონტო მასალები იყო;

7 ოჯახში ტყვიის გავრცელების წყარო სუნელებია. ასევე, წყარო სხვადასხვა სახეობის სათამაშოა”.

„ჩვენ მივუთითეთ სახელმწიფოს, რომ გაამკაცროს რეგულაციები, განსაკუთრებით იმპორტირებულ პროდუქციაზე, რომელიც ტყვიაზე არ მოწმდება. გვინდა შესაბამის საკანონმდებლო ნორმებს გავუწიოთ ადვოკატირება“, - აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

საქართველოს გარემოს დაცვის სააგენტო ჰაერში ტყვიის მონიტორინგს 2014 წლიდან რუტინულად თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში აწარმოებს. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა არაბიძე განმარტავს, რომ ზღვრულად დასაშვებ საშუალო წლიურ კონცენტრატს - 0,5 მგკ/მ3 - ტყვიის მაჩვენებელი არ გადასცილებია. ერთჯერადი კვლევები ყოველდღიურად ტარდება. ჰაერის სინჯებს საბავშვო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიებიდან იღებენ. შედეგები სააგენტოს ვებგვერდზე იტვირთება და ყველაფერი რიგზეა.

ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი ადასტურებს, რომ 2016 წლიდან საქართველო საწვავის ხარისხის სახელმწიფო მონიტორინგს, მათ შორის, ბენზინში ტყვიის დონის შემოწმებას აწარმოებს. თბილისში კი ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი აზოტის ორჟანგი და არა ტყვიაა.

2005 წლიდან ტყვიის შემცველი საწვავი საქართველოში იკრძალება. 2016 წლიდან ქვეყანაში საწვავის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შედეგები ადასტურებს, რომ ტყვიაშემცველი ბენზინი აღარ გამოიყენება. საწვავში ტყვია რომ იყოს, ჰაერში გამოჩნდებოდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბენზინსა და დიზელში მავნე ნივთიერებების, მათ შორის, ტყვიის მონიტორინგს 2014 წლიდან ახორციელებს. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე ამბობს, რომ „ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბევრი ვალდებულება გვაქვს სამრეწველო ემისიების შემცირების კუთხით და უკვე მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც მალე განიხილება საჯაროდ. საკმაოდ მკაცრი რეგულაციები დაავალდებულებს მრეწველებს, გამოიყენონ საუკეთესო ტექნიკები იმისათვის, რომ შეამცირონ ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედება. რაც შეეხება უშუალოდ ბენზინში ტყვიის ჭარბ ოდენობას, ის არ ფიქსირდება“.

ყოველდღიურად, გზადაგზა, ვყიდულობთ სურსათს და სოფლის პროდუქტს, რომლის ხარისხის დასაზუსტებლად დრო არ გვაქვს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრის სურსათში ტყვიასთან ასოცირებული რისკის 2018 წლის ანგარიშში კვლევის ავტორები მოგვითხრობენ ექსპერიმენტზე, რომელიც ბოლნისში, სოფელ ბალიჭში ჩაატარეს. ამ სოფლის ნიადაგში ტყვიის კონცენტრაცია 236,53%-ით აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ ნორმას. სოფელ ბალიჭში 300 ოჯახი ცხოვრობს და ბოსტნეული მოჰყავთ.

ასეთი ბოსტნეული ნებისმიერ დახლზე ხვდება, დახლიდან კი - სამზარეულოში. შესაბამისად, ტყვიის მავნე ზეგავლენისგან არც ის გვაზღვევს, რომ არ ვართ ბოლნისის ან დმანისის რაიონიდან, სადაც ერთ-ერთი მსხვილი სამთომომპოვებელი კომპანიის მიზეზით ნიადაგში ტყვიის შემცველობა 2014 წელთან შედარებით საგანგაშოდ მომატებულია.

თუმცა, სახელმწიფო მეტ-ნაკლებად ცდილობს აკონტროლოს სურსათი. 2017 წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა სათანადო წესით აიღეს და ლაბორატორიაში ჩააბარეს სურსათის, მათ შორის, სასმელი წყლის 4761 ნიმუში/სინჯი. 2017 წლის სტატისტიკით, წლის განმავლობაში ჩატარებული 10127 ინსპექტირებისას პროდუქტებში ტყვიის მაღალი შემცველობა ლაბორატორიული კვლევით ცენტრში მხოლოდ სუნელებში დაფიქსირდა. 2012-დან 2017 წლამდე ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეულია ცხოველური და არაცხოველური სურსათის, სასმელი წყლისა და სასმელების 2687 ნიმუში. ნორმასთან შეუსაბამობა გამოვლინდა 64 მათგანში. დარღვევებს მიხედეს კანონის შესაბამისად - სურსათის ქსელიდან ამოიღეს და გაანადგურეს.

მაშინ სად არის ტყვია? - ამ რიტორიკულ კითხვას არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ კვლევა ნაწილობრივ პასუხობს. ატმოსფერული ჰაერის 2018 წლის ივნის-ივლისში გაზომვით დადგინდა, რომ „ჰაერის სადამკვირვებლო სადგურების რაოდენობა და სივრცითი განაწილება საკმარისი არ არის თბილისის ჰაერის მდგომარეობის შესახებ სრული სურათის შესაქმნელად“.

კვლევაში გამოჩნდა მთავარიც - ტყვიის კონცენტრაციები მტვერშია. ტყვიის ნაწილაკების ნაწილი ხვდება ისეთი მცირე დისპერსული ნაწილაკების შემადგენლობაში, როგორიცააა PM10 და PM2.5. მათი დახმარებით ის ღრმად აღწევს ადამიანის ორგანიზმში, ილექება უჯრედის დონეზე და პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. ეს შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ გზად, რითაც ზოგიერთი კანცეროგენული მძიმე ლითონი, მათ შორის ტყვია, ჩვენს ორგანიზმში გადაადგილდება.

სულ ახლახან, 2019 წლის ივნისში, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ ახალი მითითება გამოაქვეყნა, რომელიც სწორედ მტვერში გაჯერებულ ტყვიას და მისი ზღვრული დონის დაწესებას ეხება.

საქართველოში კი, ასევე კვლევებიდან ვიცით, რომ მაღალი კორპუსების აშენების შემდეგ ქალაქში შეიცვალა ქარის ქროლვის მიმართულება და გამოიკვეთა შედარებით ცხელი ურბანული წერტილები. უქარო ამინდებში, თბილისის ქვაბულში ფორმირდება სმოგი, რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინოა დიდუბის, ჩუღურეთის, კრწანისის, მთაწმინდის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში.

მტვრით დაბინძურების პრევენციასთან დაკავშირებით „ეკოხედვა“ რეკომენდაციებს გვაწვდის, მათ შორისაა ევროკავშირის დირექტივების შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება-დანერგვა-აღსრულება, რომელიც ქალაქში დაარეგულირებს სამშენებლო ნორმებს და სტანდარტებს (მშენებარე ნაგებობების სათანადო შეფუთვა, სამშენებლო მოედნიდან გამომავალი სატრანსპორტო საშუალებების წყლის ჭავლით გარეცხვა, მყარი მასალების დამუშავება სველი წესით და ა.შ.). ასევე, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის ინტენსიური გამწვანება, ივრის ზეგნიდან მონაბერი მტვრიანი ქარების პრევენციის მიზნით, ქუჩებისა და ტროტუარების ინტენსიური მორწყვა, შადრევნების სისტემის რეაბილიტაცია-განვითარება და სხვა, რის შესრულებასაც, ალბათ, არაერთი წელი დასჭირდება.

„დღემდე ყველაფერს უკუღმა ვაკეთებთ - ბავშვების სისხლის ანალიზს ვიყენებთ გარემოს დაბინძურების გამოსავლენად, - ამბობს ექიმი მონა ჰანნა-ატიშა, პედიატრი, რომელმაც ქალაქ ფლინტში ბავშვების ტყვიით მოწამვლის ამბავი გამოავლინა, მათ უფლებადამცველ აქტივისტად იქცა და ამ ყველაფერზე წიგნიც დაწერა. „შემოწმება და ტესტირება გარემოს სჭირდება და მანამ, სანამ ბავშვები ამ გარემოში აღმოჩნდებიან“.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები და აქტივისტები თანხმდებიან, რომ თუ ამერიკას სერიოზულად სურს სისხლში ტყვიის დონის შემცირება, პირველ რიგში, სწორედ „გარემოს განკურნება“ უნდა დაიწყოს: სახლების, წყალგაყვანილობისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის, ნიადაგის.

ამ ყველაფერს, Vox-ში წელს გამოქვეყნებული გათვლით, 10 წელი და 400 მილიარდი დოლარი სჭირდება. თუმცა, ინვესტიციად ღირს, რადგან მხოლოდ 2018 წელს დაბადებული ბავშვების გადარჩენით, ქვეყანა 84-მილიარდიან სარგებელს მიიღებს თანხის დაზოგვით ჯანდაცვაზე, განათლებისა და კრიმინალის მართვაზე.

„მთავარი გაკვეთილი საქართველოსთვის აქტიურობის სწავლაა. ქვეყანაში, სადაც საზოგადოებას აქვს უმსხვილესი თამბაქოს ინდუსტრიის წინააღმდეგ საქმის მოგების გამოცდილება, უფრო ადვილია, მოიკრიბო ძალა და მთავრობასაც და მსხვილ ბიზნესსაც კიდევ ერთხელ მოსთხოვო ის, რასაც იმსახურებ - ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების უფლება“, - ამბობს თამარ ბურჯანაძე.

ამ ეტაპზე, ახალ ინფორმაციას და სამოქმედო სტრატეგიების გამოქვეყნებას სოფოც, თამარიც და თემით დაინტერესებული სხვა მოქალაქეებიც შემოდგომიდან ელიან. უნდა გამოქვეყნდეს საყოველთაო სტრატეგია და შედეგებიც, რაც კვლევების მეორე ეტაპს მოჰყვა.

მანამდე კი ყველა ერთ ბაზისურ რჩევას ვასრულებთ:

ტყვიით ინტოქსიკაციისგან თავის დასაცავად ყოველთვის დაიბანეთ ხელები, ხოლო სახლი, სადაც ცხოვრობთ, მუდმივად გაწმინდეთ სველი წესით.

ასე რომ, ვიბანთ ხელებს, ვიმეორებთ აქტიური მოქალაქის მანტრას და ველით ახალ ინფორმაციას.

ავტორები: ირმა კახურაშვილი, თამარ ბაბუაძე

ფოტო / ვიდეო / დიზაინი: ლაშა (Fox) ცერცვაძე

ვებ-დეველოპერი: დავით მაკარიძე

ჟურნალისტი/მკვლევარი: მარიამ აბესაძე

ისტორია მომზადებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, „ინდიგოს ისტორიები“ პროექტის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას, შესაბამისად ის არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

წაიკითხეთ სტატია